საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე მექსიკის ქ. პუერტო ვაიარტაში წყნარი ოკეანის ალიანსის მე-13 სამიტს ესწრება

21 ივლისიდან, მექსიკის ქ. პუერტო ვაიარტა წყნარი ოკეანის ალიანსის მე-13 სამიტს მასპინძლობს. სამიტის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ხსენებული ალიანსის (მექსიკა, პერუ, ჩილე, კოლუმბია) წევრი ქვეყნების დელეგაციები პრეზიდენტების დონეზე, „მერკოსურის“ (ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი, არგენტინა), 60-მდე დამკვირვებელი ქვეყნის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე საქართველოს, როგორც ალიანსის დამკვირვებელ ქვეყანას, წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე.

სამიტის ფარგლებში, 22 და 23 ივლისს, გიორგი შარვაშიძემ ორმხრივი შეხვედები გამართა, კანადის, ახალი ზელანდიის, გვატემალის, კოსტა რიკის, ჰონდურასის და სინგაპურის დელეგაციებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, საინვესტიციო გარემოს, საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების სხვა შესაძლებლობები. ამას გარდა, გიორგი შარვაშიძემ მონაწილოება მიიღო საერთაშორისო პოლიტიკის თემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის მუშაობაში.

ხვალ, 24 ივლისს გიორგი შარვაშიძე მონაწილეობას მიიღებს სამიტის ოფიციალურ გახსნასა და პლენარული სხდომის მსვლელობაში. ამას გარდა, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს დომინიკის რესპუბლიკისა და ელ სალვადორის რესპუბლიკის დელეგაციების წარმომადგენლებთან.