საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია კუერნავაკას საერთაშორისო უნივერსიტეტში

4 დეკემბერს, კუერნავაკას საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ზურაბ ერისთავს უმასპინძლეს.

ბატონი რექტორის, ხავიერ ესპინოსა რომეროს მისასალმებელი სიტყვის და უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ქართველი დიპლომატის ბიოგრაფიის წარდგენის შემდეგ, ბატონმა ელჩმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადა და მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ორმხრივი ურთიერთობები მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. ზურაბ ერისთავმა აღნიშნა, რომ სწორედ მექსიკაა ამ რეგიონში ხიდი საქართველოსთვის, ისევე როგორც საქართველოა ამ სახელმწიფოებისათვის ხიდი კავკასიაში. ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და არაღიარების სტრატეგიაზე.

უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია და ენახათ ვიდეო-ფილმები საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაზე, კულტურულ და ეთნო-ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე, მათ შორის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ქართულ ძეგლებზე.

შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა ხავიერ ესპინოსა რომერომ სამახსოვრო დიპლომი გადასცა ელჩს ზურაბ ერისთავს, რომელმაც მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს და გადასცა მექსიკაში, ესპანურ ენაზე გამოცემული საქართველოს ისტორიის წიგნი - “Historia de Georgia”.