საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია მორელოს უნივერსიტეტში

6 მაისს, ქ. კუერნავაკაში, საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი მორელოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდა. 

შეხვედრაზე უნივერსიტეტის პრორექტორმა აკადემიური პროგრამების მიმართულებით, ხოსე მარიო ორდონიესმა დაწვრილებით ისაუბრა მექსიკის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო და კვლევითი ცენტრის - UAEM-ის  მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის იმ ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადების თაობაზე, რომელთა საერთაშორისო პროექტების მიმართულებები თანხვედრაშია მათი უნივერსიტეტის პროექტებთან და სასწავლო პროგრამებთან. სწორედ ასეთი ერთ-ერთი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევები, ხოლო მომავალი თანამშრომლობის ინიციატორი მექსიკასა და საქართველოს შორის ჩვენი თანამემამულე და მორელოს ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ვახანიაა.

რექტორატში შეხვედრის დასასრულს, გაიმართა ელჩის შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, რომელიც მიეძღვნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს, ქართულ კულტურას, ლიტერატურას და დამწერლობას, ქართული სახელმწიფოს წარსულს და დღევანდელობას.

კონფერენცია დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე, ასევე, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს - ამ ტრაგიკული მოვლენების ისტორიულ როლს და 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას.

ზურაბ ერისთავმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და მნიშნველოვან მიღწევებზე, ქართველი ერის ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების მისწრაფებებზე და ქვეყნის განვითარების იმ შეუქცევად დინამიკაზე, რომლის საშუალებით რუსული ოკუპაციის პირობებშიც  კი ინარჩუნებს რეგიონის წარმატებული სახელმწიფოს ადგილს.

კონფერენციის დასასრულს, ელჩმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს ქართული ღვინის კულტურის, საქართველოში ეკონომიკის, ბიზნეს-გარემოსა და ტურიზმის მზარდი განვითარების, ასევე, აკადემიურ თუ სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.  კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.