საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კულტურა ახალ საერთაშორისო ფესტივალზე მეხიკოში

10 მაისს, მეხიკოს შტატის ქალაქ ატისაპან დე სარაგოსას მერის, ქალბატონ რუთ ოლვერა ნიეტოს მასპინძლობით, გაიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა საქართველოს ელჩთან, ბატონ ზურაბ ერისთავთან.

ოფიციალური ცერემონია, რომელიც მიეძღვნა ატისაპანის კულტურის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაციას და საქართველოს, როგორც ერთ-ერთი სტუმარი ქვეყნის მიწვევას, ასევე დაეთმო ელჩის მისასალმებელ სიტყვას - ქართული კულტურისა და ხელოვნების, ისტორიის და დღევანდელობის მიმოხილვას, საქართველო - მექსიკის ურთიერთობებს, ასევე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებს, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.

ატისაპან დე სარაგოსას მერმა და ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველოს ელჩი, როგორც საპატიო სტუმარი,  საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნაზე მიიწვიეს.

კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 2019 წლის 22-30 ივნისს გაიმართება, საქართველოდან მიწვეულია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი.