საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია “საქართველო - წარსული, აწმყო და მომავალი”

29 აგვისტოს, იდალგოს შტატის დედაქალაქში, წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია გაიმართა.

რექტორატის წარმომადგენელთა მისალმებისა და ელჩის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ,   ბატონმა ელჩმა ისაუბრა საქართველოს ეთნო-ლინგვისტურ, კულტურულ და ისტორიულ ასპექტებზე, ქართულ დამწერლობასა და ლიტერატურაზე, მათ შორის - შოთა რუსთველის უკვდავ პოემაზე, რომლის ახალი ესპანურენოვანი გამოცემა მზადდება მექსიკაში. ზურაბ ერისთავმა უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო რეგიონის გეო-პოლიტიკური თავისებურებები. საუბარი შეეხო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას, ქართული პარლამენტარიზმის ტრადიციებს, ასევე,  საბჭოთა ოკუპაციის წლებსა და  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოვლენებს. სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მიღწეული წარმატებების და რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვნად წარმოაჩენს პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის.

 

ბატონმა ელჩმა ყურადღება გაამახვილა მექსიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები უნდა გაფართოვდეს, ორი ერის უკეთ გაცნობისა და მეგობრობის უზრუნველსაყოფად. სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს, მექსიკასა და საქართველოს შორის კულტურულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა უფლებებს, მცოცავ ოკუპაციას - საერთაშორისო ძალისხმევას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიზნით.