საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია მეხიკოს იბერო-ამერიკულ უნივერსიტეტში.

25 ნოემბერს, მეხიკოს იბერო-ამერიკულ უნივერსიტეტში, სტუდენტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საქართველოს ელჩის, ბატონი ზურაბ ერისთავის კონფერენცია გაიმართა - კავკასიის რეგიონი, საქართველოს გეოპოლიტიკა, საერთაშორისო პერსპექტივები და თანამშრომლობა მექსიკასთან.

ბატონმა ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს გეო-პოლიტიკურ როლსა და პრიორიტეტებზე, კავკასიის ქვეყნებსა და ხალხებზე, მათს ისტორიულ თუ თანამედროვე გამოწვევებზე, რეგიონულ კონფლიქტებსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე - ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა უფლებებზე - კონკრეტულ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაში როგორც საქართველოს და მეზობელი ქვეყნების, ისე საერთაშორისო საზოგადოების როლი გადამწვეტია.

ზურაბ ერისთავმა მსმენელებს გააცნო თანამედროვე საქართველოს მიღწევები როგორც წარმატებული რეფორმების, ისე ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის და კომერციის, ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის, სატრანსპორტო მაგისტრალების, მათ შორის პორტებისა და სარკინიგზო კვანძების რეგიონული განვითარების ზრდის მიმართულებებით. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ტურიზმის სფეროში საქართველოს მიღწევებზე. კონფერენციაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო-რგოლი საქართველოს შესახებ, რამაც მსმენელთა კავკასიის რეგიონში სტუმრობით დაინტერესება გამოიწვია.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ქართულ კულტურას, ენასა და დამწერლობას, ლიტერატურას, ისტორიულ ძეგლებს და უძველესი ერის მრავალ საუკუნოვან ტრადიციებს, რომელთა ნაწილი უკვე იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ხოლო დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, ამ მხრივ, დაიმსახურა ქართული ანბანისა და კულტურის შესახებ მომზადებულმა ვიდეო-რგოლმა.

ზურაბ ერისთავმა ასევე ვრცლად ისაუბრა როგორც მექსიკასთან, ისე საქართველოს საელჩოს გადაფარვის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკასა და პრიორიტეტებზე, ხოლო კონფერენციის დასასრულს, პასუხი გასცა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს.