საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა - "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საგრანტო პროგრამას -,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა’’. აღნიშნულ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. პროგრამის მიზანია, მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამჭვირვალე კონკურსის გზით, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს.

პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა’’ - მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდგომ (პოსტკრიზისულ) პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა ცხოვრების/საქმიანობის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, მოქმედი დიასპორული და ჩვენი თანამემამულეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების ვადაა 2020 წლის 1 დეკემბრამდე. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი არ უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიება უნდა განხორციელდეს საზღვარგარეთ. გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ხარჯთეფექტურობის, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპის დაცვით.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარს. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარი. სამინისტროსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმდება გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ ხელშეკრულება.

მონაწილე კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: I ეტაპი - აპლიკაციების გადარჩევა/დოკუმენტების შეფასება; II ეტაპი - გასაუბრება.

 

განმცხადებლის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტები: 

 დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (დანართი N2); 

 ერთი ფოტოსურათი; 

 CV ქართულ ენაზე; 

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; 

 საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინადრობის/ცხოვრების ნებართვა, ნებისმიერი კატეგორიის ვიზა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების ვადით); 

 დეტალურად გაწერილი პროექტის ბიუჯეტი, თანდართული ფორმის (დანართი N3) მიხედვით. 

 

საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს: 

 რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი წარმოდგენილი პროექტის განხორციელებას; 

 გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი წარმოდგენილ პროექტის განხორციელებას; 

 შესრულების ვადას;

  მოსალოდნელ შედეგს.

საგრანტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2020 წლის 20 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით. საგრანტო განაცხადი არ განიხილება, თუ იგი წარმოდგენილ იქნა მითითებული ვადების დარღვევით ან/და არასრული სახით. საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, განხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - [email protected]

კონკურსის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

განაცხადის ფორმა: დანართი 2.pdf