საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია საქართველოს შესახებ

17 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მექსიკის შეერთებულ შტატებში, ბატონმა ზურაბ ერისთავმა მონაწილეობა მიიღო იდალგოს ტექნიკური უნივერსიტეტის (UPMH) მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციაში, რომლის პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოს. 


ონლაინ-კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ბატონმა ელჩმა გააცნო საქართველოს, როგორც წარმატებული რეფორმებით გამორჩეული ქვეყნის უახლესი მიღწევები ეკონომიკური პოლიტიკისა და ტურიზმის სფეროში, ასევე - გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის მიმართულებით. ზურაბ ერისთავმა ისაუბრა Covid 19-ის შედეგებზე საქართველოში, ქვეყნის მზარდი იმიჯის შესახებ ბიზნესის კეთებისა და ინვესტირების მიმართულებით. 

 

პრეზენტაციის მეორე ნაწილი დაეთმო განათლების სისტემის რეფორმებსა და ქართველი ახალგაზრდების მზარდ ინტერესს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროექტების მიმართ, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა სამთავრობო პროგრამების საშუალებით ახალისებს და აფინანსებს. 

ვიდეო-კონფერენციის ბოლოს ელჩმა უპასუხა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა მექსიკასა და საქართველოს შორის კომერციულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებს, ასევე - ქართულ და მექსიკურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას. დასასრულს, ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის - ლათინური ამერიკის ქვეყნების მზარდ მხარდაჭერაზე ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისადმი.