საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ შეხვედრა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან

22 თებერვალს, მექსიკის კონგრესის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულ თამარ გამილაღდიშვილ-გაგუასა და ჯგუფის პრეზიდენტ, დეპუტატ ადრიანა მარია ესპინოსას შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მეგობრობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, დეპუტატი ლეტიცია დიაზ აგილარი, დეპუტატი გვადალუპე რამოს სოტელო და საელჩოს მრჩეველი გიორგი სირბილაძე. 

შეხვედრის ძირითადი თემები იყო პოლიტიკური სიტუაცია ორ მეგობარ ქვეყანაში, პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური ვითარება და ვაქცინაციის პროცესში ამჟამად არსებული გამოცდილების გაზიარება, ასევე - საიუბილეო თარიღები, რომელთაც საქართველო აღნიშნავს 21 თებერვალსა და 9 აპრილს - პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავი.
დეპუტატმა ადრიანა მარია ესპინოსამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი მზადაა მეგობარ ქვეყანასთან იმ მიმართულებებით გააგრძელოს თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო შეამცირებს გლობალური პანდემიით გამოწვეულ რისკებს და ზარალს, საქართველოს მიულოცა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოგვეცემა საშუალება ერთად ვიზეიმოთ ყველა მნიშნველოვანი და საიუბილეო თარიღი. დეპუტატი ლეტიცია დიაზ აგილარის გამოსვლა ძირითადად შეეხო იმ გამოწვევებს, რომელთა დაძლევა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწევს უახლოეს პერიოდში და წარმატებები უსურვა ახალ პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტს და ქართველ ხალხს. მეგობრობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მძიმე ეკონომიკურ კრიზისზე, რამაც დააზარალა მექსიკის და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა, ასევე - ვაქცინაციის ზოგადი პოლიტიკისა და მისი  სამართლიანად გადანაწილების შესახებ.
საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილი-გაგუამ მადლობა გადაუხადა მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, შეხვედრის მონაწილეებს, მოკლედ გააცნო პანდემიით გამოწვეული ზოგადი ვითარება საქართველოსა და რეგიონში, წარმატებები უსურვა მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას და მოსახლეობას და იმედი გამოთქვა, რომ იმ დიდ ეკონომიკურ კრიზისს, რაც პანდემიამ გამოიწვია, ერთობლივი ძალისხმევით დაძლევს მსოფლიო და მათ შორის - მექსიკა და საქართველო.