საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ შეხვედრა საქართველოს საპატიო კონსულებთან

8 აპრილს, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის თამარ გამილაღდიშვილი-გაგუას ონლაინ შეხვედრა საქართველოს საპატიო კონსულებთან პანამაში, გვატემალაში, კოსტა რიკაში, დომინიკის რესპუბლიკასა და ჰონდურასში. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საელჩოს მრჩეველი გიორგი სირბილაძე. 

მისიის მიერ დაგეგმილი მორიგი ვირტუალური ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის იუბილეს.

შეხვედრის მონაწილეებს თამარ გამილაღდიშვილი ესაუბრა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და 9 აპრილის - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღის მნიშვნელობის შესახებ. საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საპატიო კონსულებს ასევე გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა,  ინფორმაცია საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების თაობაზე და მადლობა გადაუხადა მისიის დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნების წარმომადგენელ საპატიო კონსულებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, რაც კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის საშუალებით. 
მრჩეველმა გიორგი სირბილაძემ საპატიო კონსულებს გააცნო საელჩოს უახლესი სამოქმედო გეგმა, მათ შორის - ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
საპატიო კონსულებმა საელჩოს წარმომადგენლებს მიულოცეს ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშნველოვანი თარიღები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათთვის დიდი პატივია საკუთარ ქვეყნებში წარმოადგენდნენ  საქართველოს.
შეხვედრის დასასრულს საპატიო კონსულებმა ისაუბრეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ მათს ქვეყნებში, ასევე - ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების გზებზე პანდემიით შექმნილი რეალობის ფონზე და გამოთქვეს სურვილი, რომ უახლოეს მომავალში მიეცეთ საქართველოში ვიზიტისა და დაგეგმილი პროექტების  განხორციელების შესაძლებლობა.