საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მონტერეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ

29 ოქტომბერს, საქართველოს საელჩომ მონტერეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათს მენტორს, მკვლევარს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორ ნიკოლას ფოუკრასს უმასპინძლა. საელჩოს მრჩეველმა თამარ გამილაღდიშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს დიპლომატიური მისიის დაფარვის არეალი, მიმდინარე და მომავალი პროექტები, ქვეყნის ისტორიის მნიშნველოვანი ასპექტები და თანამედროვე გამოწვევები.

საქართველოს ელჩმა, ბატონმა ზურაბ ერისთავმა სტუდენტებს გააცნო რეგიონის გეო-პოლიტიკური თავისებურებები, საქართველოს ურთიერთობები მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას, საბჭოთა ოკუპაციის წლებსა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოვლენებს, რუსული აგრესიისა და ოკუპაციის შედეგებს.

სტუდენტების ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მიღწეული წარმატებების და რეფორმების შესახებ, საქართველოს მნიშვნელოვნად წარმოაჩენს პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართული სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ეკონომიკური პოტენციალის გაფართოვებას, აბრეშუმის გზის პროექტში მის როლს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით, ..

ბატონმა ზურაბ ერისთავმა ყურადღება გაამახვილა მექსიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს, ორი ერის უკეთ გაცნობისა და მეგობრობის უზრუნველსაყოფად.

სტუდენტების მხრიდან შეკითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს, მის სამეზობლო პოლიტიკას, მექსიკასა და საქართველოს შორის კულტურულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.