საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

ძვირფასო თანამემამულეებო, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო გაგაცნობთ აქტუალურ ინფორმაციას მექსიკასა და საელჩოს გადაფარვის ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ. 


მექსიკა: ამ ეტაპზე, შენარჩუნებულია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლა. აეროპორტში მგზავრთა ნაკადი მოწმდება სპეციალური თერმო აპარატურებით. ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიების შესაბამისად, 20 მარტიდან, 1 თვის ვადით, იხურება სკოლები და სასწავლო დაწესებულებები (კერძო სკოლებმა და უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა უკვე შეწყვიტა სასწავლო პროცესი). ქვეყანაში აიკრძალა ღონისძიებების გამართვა, რომელიც 5000 ან მეტ ადამიანზეა გათვლილი. 
დღევანდელი მონაცემებით, საელჩოს გადაფარვის რამდენიმე ქვეყანას (ელ სალვადორი,  გვატემალა, ჰონდურასი) გამოცხადებული აქვს საგანგებო მდგომარეობა და გამკაცრებული აქვს სასაზღვრო პოლიტიკა. მთლიანად შეჩერებულია საერთაშორისო სამოქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა როგორც სახმელეთო და საზღვაო, ისე საჰაერო გზებითაც. ამ ქვეყნებს, საკუთარი მოქალაქეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, დაწესებული აქვთ საკარანტინო რეჟიმი.   
კოსტა რიკა:  16 მარტიდან გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მთავრობის განკარგულებით, დახურულია თავშეყრის ადგილები  და საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მგზავრობისაგან. შეჩერებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.   
პანამა: 12 მარტიდან გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია თავშეყრის ადგილები  და საგანმანათლებლო დაწესებულებები. 16 მარტიდან  ქვეყანამ გაამკაცრა ქვეყანაში მგზავრთა შეშვების ზომები.  შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ევროპისა და აზიის მიმართულებით.  
დომინიკის რესპუბლიკა: 16 მარტიდან შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა ევროპასთან და აზიასთან. მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნული რეგიონებიდან ჩავლენ დომინიკის რესპუბლიკაში, ექვემდებარებიან 2 კვირიან კარანტინს. ასევე, საკრუიზო გემებისთვის დახურულია ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა პორტი.  
ბელიზი  -  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აქამდე არ დაუფიქსირებიათ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა, 15 მარტიდან ძალაში შევიდა განკარგულება, რომელიც ევროპიდან და აზიიდან ჩამოსულ მგზავრებს ავალდებულებს კარანტინის გავლას. ასევე, მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მგზავრობისაგან.
იამაიკა -  დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, იამაიკის მთავრობა ამკაცრებს ზომებს ვირუსთან საბრძოლველად. 13 მარტის განკარგულებით, ძალაში  შევიდა კატასტროფის რისკების მართვის აქტი. მგზავრებს რომლებიც ქვეყანაში შევლენ ჩინეთიდან ან დიდი ბრიტანეთიდან, მოუწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა.