მეხიკოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა გაბუნიას სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მექსიკელმა სენატორებმა და დეპუტატთა პალატის წევრებმა, სამინისტროების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, ქალაქების მერებმა, რეგიონების მთავრობების წარმომადგენლებმა.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ მექსიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ხელოვნების, საუნივერსიტეტო და აკადემიური წრეების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მექსიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, ზაზა გაბუნიამ და მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მატიას რომეროს დიპლომატიური ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, ელჩმა ჰერმან აშენტრუპ ტოლედომ.
ღონისძიებაზე საქართველოსა და მექსიკის ჰიმნები მექსიკელმა მუსიკოსებმა შეასრულეს. ასევე, დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარმოდგენილ იქნა ქართული პოლიფონიური მუსიკის შედევრები.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ცნობილი ქართული კერძები და ქართული ღვინო.