ონლაინ შეხვედრა საქართველოს საპატიო კონსულებთან ბელიზში, გვატემალაში, დომინიკის რესპუბლიკაში, პანამასა და ჰონდურასში
2023 წლის 18 დეკემბერს, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ელჩის, ზაზა გაბუნიას და საელჩოს პირველი მდივნის, აჩიკო გაგუას ონლაინ შეხვედრა საქართველოს საპატიო კონსულებთან ბელიზში, გვატემალაში, დომინიკის რესპუბლიკაში, პანამასა და ჰონდურასში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მექსიკის ქ. მონტერეისა და ქ. გვადალახარაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატები.
შეხვედრისას, ელჩმა ისაუბრა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ასევე, ელჩმა მადლობა გადაუხადა საპატიო კონსულებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს მხარდაჭერისათვის და გამოთქვა იმედი, რომ საელჩოსა და რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საპატიო საკონსულოებს შორის ჩამოყალიბებული ნაყოფიერი თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
საელჩოს პირველმა მდივანმა, აჩიკო გაგუამ საპატიო კონსულებს გააცნო საელჩოს სამოქმედო გეგმა, მათ შორის მექსიკასა და დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებთან არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
საპატიო კონსულებმა მიულოცეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათთვის დიდი პატივია საკუთარ ქვეყნებში წარმოადგენდნენ საქართველოს. გარდა ამისა, საპატიო კონსულებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს შორის არსებული კავშირების შემდგომ გამყარებას.