საქართველოს დელეგაცია დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო
16 აგვისტოს ქ. სანტო-დომინგოში გაიმართა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლუის აბინადერის ინაუგურაცია. ცერემონიალს ესწრებოდნენ ესპანეთის მეფე, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების პრეზიდენტები, მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები, დელეგაციები მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან. საქართველოს მთავრობის სახელით, ღონისძიებებში მონაწილეობდა მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე, რომელმაც პრეზიდენტ ლუის აბინადერს გადასცა ჩვენი ქვეყნის მთავრობის მილოცვა და უსურვა წარმატებები საქმიანობაში.
ინაუგურაციის ფარგლებში, საქმეთა დროებითი რწმუნებული ესაუბრა ურუგვაის პრეზიდენტ ლუის ლაკაჟე პოუს, პარაგვაის პრეზიდენტ სანტიაგო პენიას, აგრეთვე, დომინიკის რესპუბლიკის, კოსტა-რიკის, პანამის, ჰონდურასის, კოლომბიის, ბრაზილიის, პერუს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
გარდა ამისა, ნიკოლოზ სახვაძე, მექსიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, აჩიკო გაგუა და საქართველოს საპატიო კონსული დომინიკის რესპუბლიკაში, ლუის არიასი შეხვდნენ დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, საჩენკა ენკარნასიონს.