მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო სტუმარო,
მოგესალმები მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ვებ–გვერდზე, სადაც მიიღებ ინფორმაციას საელჩოს საქმიანობისა და მექსიკის შეერთებულ შტატებთან, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის რიგ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების დინამიკის შესახებ.
ვებ–გვერდი აგრეთვე უზრუნველყოფს საჭირო საკონსულო ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში გამგზავრების მსურველი უცხოელებისთვის.
საელჩოს საქმიანობა მექსიკასთან, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთან, ორმხრივი თუ მრავალმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში საქართველოს თვალსაჩინოდ წარდგენას ემსახურება. ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ამ რეგიონში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საელჩოს სრული შემადგენლობა მოწადინებულია - ძალა და ენერგია არ დაიშუროს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
საქართველო, მექსიკის მსგავსად, უძველესი ქვეყანაა. მისმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და გეოპოლიტიკურმა ადგილმდებარეობამ დიდი გავლენა იქონია მრავალეთნიკური საზოგადოების, ფასეულობების, ტრადიციებისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე. ქვეყანა მდიდარი ისტორიით, ტრადიციებითა და ბუნებრივი მრავალფეროვნებით იზიდავს განსხვავებული ინტერესებისა და გემოვნების უცხოელ სტუმარს. ამდენად, საელჩო მზადაა შესაბამისი ინფორმაცია და საჭირო რჩევები მიაწოდოს საქართველში ჩასვლის მსურველ ყველა დაინტერესებულ პირს.
საქართველო მიმზიდველია არა მარტო ტურისტებისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვისაც. ხელისუფლების ძალისხმევით გატარებული რეფორმების შედეგად და მსოფლიო ბანკის ავტორიტეტული შეფასებებით, საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ბიზნესის წარმოებისთვის. საელჩო მზადაა დახმარება გაუწიოს პოტენციურ ინვესტორებს მათთვის საინტერესო სფეროებზე სრული ინფორმაციის მიღებასა და საქართველოს შესაბამის წრეებთან კონტაქტების დამყარებაში.
ვიმედოვნებ, რომ საელჩოს ვებ-გვერდის საშუალებით უკეთ გაიცნობთ ჩემს ქვეყანას, მის ისტორიას, კულტურას და თანამედროვე ცხოვრებას, შეძლებთ თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებას საქართველოსა და ქართველებზე და, სურვილის შემთხვევაში, ორმხრივად სასარგებლო კავშირებს დაამყარებთ საქართველოს სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან. ეს გახლავთ დიდი ქვეყანა, უზარმაზარი მნიშვნელობის კულტურით, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში დიდი პოლიტიკური ავტორიტეტით, მაღალი ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობებით, ბრწყინვალე ადამიანებითა და დიდი მომავლით. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და მექსიკას შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავების მნიშვნელოვანი მისიისთვის ზრუნვის და ამისთვის მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს.
აქვე, მინდა მივესალმო და თანადგომა გამოვუცხადო მექსიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს: მზად ვართ, ჩავდგეთ თქვენს სამსახურში. საელჩოს კარი ღიაა ყველა თქვენგანისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან რაიმე სხვა სახის დახმარების მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს საელჩოს მექსიკის შეერთებულ შტატებში.