საქართველოს საელჩომ მექსიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა
საქართველოს საელჩომ მექსიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა გაბუნიამ და მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ელჩმა ოქტავიო ტრიპმა.
ელჩმა ზაზა გაბუნიამ, მოწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დამოუკიდებლობის დღის დიდ მნიშვნელობაზე, საქართველოს, როგორც ათასწლოვანი კულტურისა და უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსა და მექსიკას შორის, ასევე, საქართველოსა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა დონეზე ახალ საფეხურზე ავიდა და კავშირების გაძლიერება და განვითარება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტზე აისახა.
ევროპის გენერალურმა დირექტორმა, ოქტავიო ტრიპმა ისაუბრა საქართველოსა და მექსიკას შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ და კულტურის სფეროში. ასევე, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის მზარდ ტენდეციებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ქალაქ მეხიკოში არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა საქართველოს და მექსიკის ჰიმნები, ასევე ქართული პოლიფონიური მუსიკის შედევრები შეასრულეს. სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.