საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა
2026 წლის 26 ივნისს, ქ. მეხიკოში, გაიმართა საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის ამერიკის დეპარტამენტის უფროსი, მარიკა ლალიაშვილი, ხოლო მექსიკურ მხარეს, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სერხიო ხუარესი.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, განხილულ იქნა რეგიონული და გლობალური პროცესები და მათი დინამიკა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მექსიკას შორის მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოხატეს მზადყოფნა მისი შემდგომი გაღრმავებისათვის.
მექსიკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
